ტექნოპარკი

ტექნოპარკი საქართველო, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2016 წლის იანვარში აშენდა. მაღალტექნოლოგიური სივრცე  ოქროყანაში 18 ათას მ2 ტერიტორიაზე მოეწყო. ტექნოპარკი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ  სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური წარმოების შექმნასა და განვითარებაზე.

ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.

ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე. ეს საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს.

ტექნოპარკი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიური სფეროს ეკოსისტემის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს, აერთიანებს რა ეროვნულ ინტელექტუალურ რესურსსა და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას. ტექნოპარკი იქნება მუდმივად მოძრავი, განახლებადი და განვითარებადი. ის  გახდება საქართველოში ინოვაციური და ტექნოლოგიური პროცესების ბირთვი.

ტექნოპარკი უზრუნველყოფს ღია დაშვებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ცოდნასა და განვითარების პერსპექტივასთან. ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მიიღებს კონსულტაციებს იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად ჩამოყალიბებასა და ბიზნესად განვითარებამდე. ტექნოლოგიური პარკის საშუალებით, სახელმწიფო წაახალისებს ისეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომელთა  მთავარი  ამოცანა მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვაა.

ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს სთავაზობს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომ რესურებს. იგი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.

საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი არის მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ  საქართველოში  დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები.

ტექნოპარკი მოიცავს, როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ისე დიდ ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე მუშაობს მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (FabLab), საერთო სამუშაო სივრცე (co-working), საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია სტუმრად ტექნოპარკში
კრეათონი მეწარმე ქალბატონებისთვის