ქართულ-გერმანული სტარტაპ ფორუმი ტექნოპარკში

4-5 სექტემბერს ტექნოპარკი ქართულ-გერმანულ სტარტაპ ფორუმს მასპინძლობს, რომლის მთავარი მიზანია გერმანიის მხრიდან ინოვაციების,  მეწარმეობის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ქართველ და გერმანელ სტარტაპებს შორის პოტენციური პარტნიორობის დამყარება.

ფორუმი ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ  გიორგი ზვიადაძემ და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე რენატე ფაიჩიმ გახსნეს.  ღონისძიებას მოდერაცია გაუწიეს სტარტაპ სპეციალისტებმა კოლინ დონოჰმა და გიორგი ლალიაშვილმა (GITA).

ფორუმის სპიკერები - გერმანიის წამყვანი მეწარმეები მაიკლ ჰაბლი, ვოლფგანგ ბარნეკერი და შტეფენ დაბელსი სტუმრებს საკუთარი სტარტაპების წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზებს გააცნობენ, ასევე მოუყვებიან გლობალური ტრენდებისა და ტენდენციების შესახებ.

5 სექტემბერს B2B ღონისძიებაზე დარეგისტრირებულ პირველ 15 სტარტაპს  საშუალება ექნება შეხვდეს სპიკერებს და მათ მიერ დაარსებულ სტარტაპებთან პოტენციურ თანამშრომლობაზე ისაუბრონ.

ღონისძიება იმართება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და PMC კვლევითი ცენტრის თანაორგანიზებით. პროექტი ხორციელდება საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, გერმანიის საელჩოსა და პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით.

 

"ინოვაციები ტურიზმში" - შეხვედრა ტექნოპარკში
ელექტრომობილების საინფორმაციო შეხვედრა ტექნოპარკში