ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის

2017 წლის 15 ივნისს ტექნოპარკში “ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის” პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიცირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინოვაციების ცენტრების ბაზაზე ციფრული უნარების სატრენინგო პროგრამები დაიწყება.

პროექტის მიზანია რეგიონებში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ე.წ. “დისტანციური დასაქმების” საშუალებას მისცემს.

პროექტის საპილოტე ვერსია კასპის ბიზნესისა და ტექნოლოგიების გადამზადების ცენტრის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო. ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება ზუგდიდის ტექნოპარკში, ასევე ბაღდათის, ხარაგაულისა და სოფ. ჭოპორტის ბიბლიოთეკების ინოვაციების ცენტრებში.

ბენეფიციარების გადამზადება მოხდება, როგორც ონლაინ სწავლების მეთოდოლოგიებით, ისე ცენტრების ბაზაზე ჩატარებული სემინარების საფუძველზე.

ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პარტნიორობით განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) დისტანციური დასაქმების პლატფორმა ,,ციფრული მოქალაქე’’ შექმნა. პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, მარტივად მოხდეს ონლაინ სივრცეში არსებული დაკვეთების მოძიება და მათზე განაცხადის გაკეთება. უნივერსიტეტი გლობალური დასაქმების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის ,,freelancer.com’’-ის პარტნიორია, რომლითაც ბენეფიციარებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში არსებულ 15 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან. გასული წლის მონაცემებით, დისტანციურად შესრულებული სამუშაოების ბრუნვამ 2,6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

2017 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტ “საქართველოს ინოვაციების ეროვნული ეკოსისტემის“ ფარგლებში, 2020 წლამდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შეიქმნება რეგიონალური ინოვაციების 8 ჰაბი და ინოვაციების 50 ცენტრი.

დაინტერესებული პირები დაუკავშირდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (0322308055; 577235029)

STEP პროგრამის გამარჯვებულები ტექნოპარკში
სტარტაპ საქართველოს ღია კარის დღე