შეხვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებთან

საქართველოში სტუმრად მყოფ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებს ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უმასპინძლა. სხვადასხვა ეროვნების 50-ზე მეტ სტუდენტს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა საქართველოს ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია, სადაც სტუმრებმა საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო დააგემოვნეს. „ეს ადამიანები სამომავლოდ არიან საქართველოს პარტნიორები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი სტუმრობა მათივე ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა იღებენ განათლებას და ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების განვითარებას. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ, მათი მხრიდან დაისვა ძალიან ბევრი კითხვა და მოხდა გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობთ, რომ ასეთი ინიციატივები უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სტუმრებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის და ახალი პარტნიორების შეძენისთვის“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ჩერქეზიშვილმა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტუდენტებს საქართველოს ბიზნესგარემოსთან ერთად გააცნო ის მიღწევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ტურიზმისა და სარეიტინგო მიმართულებით.

გიორგი ჩერქეზიშვილმა პრეზენტაციაში ასევე საქართველოს ტრანსპორტის, ინდუსტრიის, ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სექტორების განვითარებასა და მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰარვარდის კურსდამთავრებულებთან კომუნიკაცია, რადგან ეს ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც საქართველო უნდა შეუყვარდეთ და ჩვენი ქვეყანა გააცნონ თავიანთ კოლეგებსა და მეგობრებს. ჩვენ მათ გავაცანით საქართველოს შესაძლებლობები და ის პოტენციალი, რაც გაგვაჩნია.

გვქონდა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ქართულ ღვინოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები იქნებიან ქართული ღვინის ელჩები“ - აღნიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ჰარვარდის ბიზნესსკოლის ერთ-ერთი ქართველი სტუდენტის, ილია გოგიჩაიშვილის განცხადებით, თავად სტუდენტებს შორის გაჩნდა ინიციატივა, რომ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. „მე და ჩემი ქართველი კოლეგა, მარიამ მელქაძე, ჩვენს უცხოელ თანაკურსელებთან ერთად ჩამოვედით საქართველოში, ბევრი კუთხე დავათვალიერეთ და მოხარულები ვართ, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტრომ გვიმასპინძლა და შევხვდით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს“ - განაცხადა ილია გოგიჩაიშვილმა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტები რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ და საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლომდე დარჩებიან.

ქართველმა სტარტაპებმა სილიკონ ველიზე bootcamp ტრენინგები გაიარეს
ტექნოპარკში სტარტაპები 26 მაისისთვის ემზადებიან