„ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღე“ ტექნოპარკში

ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტომ, „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის მეწარმეთა ქსელმა „ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღე“ გამართეს.

აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის ქვეყნებთან ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს. 80-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროპის მეწარმეთა ქსელის შესაძლებლობების შესახებ, კერძოდ, ევროპის ქვეყნებში არსებული პოლიტიკისა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ ინფორმირების და კონსულტაციის, ტექნოლოგიების გადაცემის პროცესში დახმარების, ფინანსებზე, კვლევის, განვითარებისა და ინოვიაციების (R&D&I) ევროპულ პროგრამებზე წვდომის უზრუნველყოფის კუთხით.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა გიორგი ჩერქეზიშვილმა. „საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის ევროკავშირს სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და რესურსების მეშვეობით მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის დღის წესრიგის შემუშავების პროცესის ფართო მხარდაჭერისთვის. ევროპის მეწარმეთა ქსელი არის საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ქსელი ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საწარმოო სფეროში კერძო სექტორის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე ექსპორტის ხელშეწყობისთვის. იმედი მაქვს, რომ მცირე და საშუალო საწარმოები, სტარტაპები, და ასევე მსხვილი კომპანიები ისარგებლებენ ევროპის მეწარმეთა ქსელის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მიერ შექმნილი შესაძლებლობებით.“ - განაცხადა ბ-ნმა ჩერქეზიშვილმა.

 ევროპის მეწარმეთა ქსელი (EEN) არის 600- ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციისგან შემდგარი ქსელი, რომელიც მოიცავს სავაჭრო პალატებს, ბიზნესის განვითარების სააგენტოებსა და საუნივერსიტეტო ტექნოლოგიურ ცენტრებს. 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის 28 წევრ და დანარჩენ ასოცირებულ ქვეყნებში, ქსელი კომპანიებს სთავაზობს საკითხების კონკრეტულ და ეფექტურ გადაწყვეტას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.een.ec.europa.eu

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), საქართველოს მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა მოახდინოს საქართველოს სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური საქმიანობის სტანდარტების ჰარმონიზაცია ევროკავშირის პროგრამებთან.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა ასოცირებული ქვეყნის სტატუსი, ქვეყნის მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას უფრო აქტიურად განახორციელოს საინფორმაციო კამპანიები ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – „ჰორიზონტ 2020”-სა და ევროპის მეწარმეთა ქსელის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად მცირე და საშუალო მეწარმეთა, ინოვაციურ და სამეცნიერო საზოგადოებას შორის, მ.შ. საინფორმაციო დღეების ორგანიზების გზით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია სტუმრად ტექნოპარკში
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კრეათონი ტექნოპარკში